შურისძიება.

მანანა ჭელიძე

ბიზნესმენ ავთო ლეჟავას იმ დღეებში რაღაც უცნაურად უმართლებდა. “მაინც რა არის, ყველაფერი რა კარგად აეწყო”_ფიქრობდა ავთო.
დღესაც ერთობ სარფიანი ხელშეკრულება გააფორმა, ერთი სული ჰქონდა, სახლში მისულიყო და გვარიანად გამოეძინა.
_მადონა, წავედი! _გასძახა მდივან ქალს. მერე მძღოლს გადაურეკა, ჩამოვდივარო, და ოფისის კიბეებზე დაეშვა. უეცრად მობილური აწკრიალდა. დახედა, დაფარული ზარიდან რეკავდნენ.
_ გისმენთ.
_გამარჯობა, ავთო, როგორ ხარ?
_ვინ ბრძანდებით?
_ ეგ შენი საქმე არ არის, ხომ დაგიჭირეს ყურებით შენმა ბიზნესპარტნიორებმა!
_ რა უადგილო ხუმრობაა, რომელი ხარ?
ზარი გათიშეს. ავთო ერთხანს გაოგნებული იდგა. ახლა უკვე აღარ ხიბლავდა მყუდრო ოჯახურ გარემოში განტვირთვის პერსპექტივა და კაბინეტში აბრუნდა.
_ ხომ მშვიდობაა ბატონო ავთო?_ მადონამ შეშფოთებული მზერა შეაგება აშკარად აღელვებულ შეფს.
_ არა, არაფერია, რაღაც უნდა ვნახო, თუ დამჭირდი, დაგიძახებ.
ავთომ ხელახლა გადაავლო თვალი ხელშეკრულებას. თითქოს ყველაფერი რიგზე იყო, მერე შეხვედრის ყველა დეტალი გაიხსენა და კინოფირივით დაატრიალა გონებაში.
საეჭვოს ვერაფერს ხედავდა, არადა იმ ვიღაცამ აშკარად იცოდა უცხოელების შესახებ.
უგუნებოდ ჩაჯდა მანქანაში.
_ დავიდოვიჩ, ხომ კარგად ხართ?_ იკითხა გელამ, ავთოს მძღოლმა.
_ ვიღაც კრეტინმა დარეკა და ნერვები მომიშალა.
_ რას ამბობთ, რა მინდაო?
_მიდი, გელა, სახლში დროზე მიმიყვანე, მაგაზე ხვალ ვილაპარაკოთ.
ავთომ ორი ლუკმა ძლივს გადაყლაპა და საძინებლისკენ გაემართა. მობილურმა დარეკა. გული გადაუქანდა, დახედა და ამოისუნთქა_ გიგა რეკავდა კანადიდან.
_ მამა, როგორ ხართ? მე ყველაფერი რიგზე მაქვს, უბრალოდ, რაღაც უცნაური სიზმარი ვნახე და გადმოვრეკე, ხომ მშვიდობაა?

ავთოს მუხლები მოეკვეთა. როგორც იყო თავი ხელში აიყვანა და შვილს ომახიანად უპასუხა:
_ მშვიდობაა, აბა რა, ყველანი კარგად ვართ, ძალიან გვენატრები.
_ მეც მენატრებით, მაგრამ რა ვქნა, ალბათ ასე ორ თვეში ჩამოვალ.
_ კარგი, შვილო, აბა თავს მიხედე, ხვალ დაგირეკავ.
მობილური სავარძელში მოისროლა, ლოგინში ჩაწვა და ემოციებისგან გადაღლილს მალევე ჩაეძინა.
დილით, ის იყო ოფისში უნდა შეედგა ფეხი, რომ მობილურმა დარეკა.
_ გისმენთ!
_ მისმენ, თორემ შენც არისტოტელე ონასისი და ბილ გეიტსი ხარ რა! კიდევ მანდ მუშაობ?
_ შენ ეი, ვიღაცა ხარ, რა ჯანდაბა გინდა. თუ კაცი ხარ, კაცურად დამელაპარაკე, რას მიედ-მოედები, შევხვდეთ და ვილაპარაკოთ!
¬ _რაო, სტრელკას მინიშნავ დიდო მეცენატო?
_ შენი ჭკუით დამცინი არა? მეცენატიც ვარ და ქველმოქმედიც, მერე შენ რა! შენც დაფინანსება ხომ არ გჭირდება, პირდაპირ მითხარი!
_ აი, ეს უკვე მესმის, საქმეზე გადახვედი და სწორია. მოკლედ მაყუთი უნდა მოიტანო. შენი გაქანება რომ ვიცი, ათი ათასს ძლივს გაწვდები_ რას იზამ, ყველა აბრამოვიჩი და ბერეზოვსკი ვერ იქნება, მითუმეტეს შენ _ რაც გაქაჩე, ეგ იყო! მოკლედ, ხვალ, შვიდ საათზე დიდუბის ეკლესიასთან მოხვალ, ოღონდ იმედია, შეხსენება არ გჭირდება _ ძაღლებთან კონტაქტი გამორიცხულია. თავი არ წააგო ბიჭო, ოჯახს გაუფრთხილდი!
დაკიდეს. ავთო ოფისში ავიდა, კარი ჩაკეტა და ხვალინდელ დღეზე დაიწყო ფიქრი.
საღამოს შვიდ საათზე გელამ ავთო დიდუბის ეკლესიასთან მიიყვანა. საეჭვო ვერაფერი შენიშნეს.
_ დავიდოვიჩ, ხომ არ გაგვაშაყირეს?
_ რაის შაყირი, გელა, ნეტავ მოგესმინა როგორ იგესლებოდა ის შობელძაღლი, ტანში გამცრა.
_ ვინ არის ეგ დამპალი, სულ ვერ ხვდებით დავიდოვიჩ?
უეცრად გელას ფანჯარასთან უცხო მამაკაცი აისვეტა. მძღოლს ანიშნა, შენ მანდ დარჩიო, ავთოს კარები გაუღო და წინ გაუძღვა.
მოშორებით შავი “მერსედესი” იდგა. უცნობმა ავთოს უბრძანა, ჩამჯდარიყო.
შავსათვალიანმა მამაკაცმა სარკასტული ღიმილი აიწეპა და ავთოს მიმართა:

_ გამარჯობა, ბატონო ავთო.
_ ოჰო, ეს ბატონო რაღაც ახალია, როგორც ჩანს, მეცენატი აღარ გაწყობს.
_ მე შენ ადგილას ხუმრობის ხასიათზე არ ვიქნებოდი, საქმე გაცილებით სერიოზულადაა, ვიდრე შენ გგონია. რა ქენი, მოიტანე ფული?
_ მოვიტანე, ზუსტად ათი ათასია.
_ ხვოსტი ხომ არ აიკიდე, ფრაერ, ჰა?
_ რა ხვოსტი, რის ხვოსტი. გამაგებინე, ვინ ხარ, რა დაგიშავე. ცხოვრებაში ცუდი არაფერი გამიკეთებია. ფულს თუ ვაკეთებ, მარტო ჩემთვის ხომ არა, სხვებსაც ვეხმარები, ქველმოქმედებასაც ვეწევი, არასდროს არავინ გამიწირავს და გადამიგდია, ისიც არ ვიცი, ვინ ხარ ან შენთვის რა დამიშავებია!
_ ესე იგი არავინ გაგიწირავს არა? შენ რომ ხალხი გყავს გამწარებული იმისთანა უნდა. ზოგს კინაღამ ინფარქტი აკიდე, ზოგსაც ინსულტი, გამომივიდა აქ უცოდველი კრავი!
გაფითრებული ავთო ხმას ვეღარ იღებდა. უეცრად შავსათვალიანი მამაკაცი უცნაურად აცახცახდა, მერე ხარხარი ატეხა და სათვალე მოიხსნა. გაოგნებული ავთო გაშტერებული შეჰყურებდა უცნაურ თანამოსაუბრეს:
_ ავთო, მართლა ვერ მიცანი? ლევანი ვარ, არჩვაძე.
_ ლევანი? უი, გამარჯობა ლევან, გიცანი, როგორ ვერ გიცანი, ოღონდ… ბრინჯივით დაიბნა ავთო. _ შე კაი კაცო, ფული თუ გჭირდებოდა ეგ ბალ-მასკარადი რა საჭირო იყო!
_ეგ ფული მაგრა შეინახე! სულ სხვა საქმეზე ვარ მოსული_ ბიჭის ქორწილი მაქვს და მინდა დაგპატიჟო.
ავთოს გაეცინა, მერე ისტერიული სიცილი აუვარდა:
_ მგონი მივხვდი რაშიცაა საქმე, აბაროტი ამიღე არა?
_ სწორად მიხვდი, ოღონდ რაჭველი ვარ და ცოტათი დამაგვიანდა_ მთელი ოცი წლით!
_ ეჰ, რა დრო გასულა_ ამოიხვნეშა ავთომ. ისე კი მაგრა გამიხეთქე გული.
_ შენ ვისი გულის გახეთქვაზე ლაპარაკობ, ერთი გაიხსენე, როგორ მახოხიალეთ იატაკზე შენ და შენმა ბიჭებმა, მერე ხალასტოი ტყვიებით ძმაკაცებიც დამიხოცეთ. იმის მერე წნევას ვერაფერი მოვუხერხე. ისე, რამდენი ინატრებდა ახლა ჩემ ადგილას ყოფნას!
_ მაღალრეიტინგული გადაცემა კი იყო და… ბევრი გავაბით მახეში. ერთი სიტყვით ჩაგეთვალა, ჩემო ლევან, ბიჭის გაბედნიერებას გილოცავ, აუცილებლად მოვალ.

მანქანიდან გადმოვიდნენ. კიდევ დიდხანს ისაუბრეს. წასვლისას ლევანი მიუბრუნდა:
_ ჩემო ავთო, ისე კიდევ ერთხელ ხომ არ გაიხსენებდი ახალგაზრდობას, ჰა? მექორწილეებისთვის რაიმე ოინი ხომ არ მოგვეწყო, რას იტყვი?

Advertisements
%d bloggers like this: