შურისძიება.

მანანა ჭელიძე

ბიზნესმენ ავთო ლეჟავას იმ დღეებში რაღაც უცნაურად უმართლებდა. “მაინც რა არის, ყველაფერი რა კარგად აეწყო”_ფიქრობდა ავთო.
დღესაც ერთობ სარფიანი ხელშეკრულება გააფორმა, ერთი სული ჰქონდა, სახლში მისულიყო და გვარიანად გამოეძინა.
_მადონა, წავედი! _გასძახა მდივან ქალს. მერე მძღოლს გადაურეკა, ჩამოვდივარო, და ოფისის კიბეებზე დაეშვა. უეცრად მობილური აწკრიალდა. დახედა, დაფარული ზარიდან რეკავდნენ.
_ გისმენთ.
_გამარჯობა, ავთო, როგორ ხარ?
_ვინ ბრძანდებით?
_ ეგ შენი საქმე არ არის, ხომ დაგიჭირეს ყურებით შენმა ბიზნესპარტნიორებმა!
_ რა უადგილო ხუმრობაა, რომელი ხარ?
ზარი გათიშეს. ავთო ერთხანს გაოგნებული იდგა. ახლა უკვე აღარ ხიბლავდა მყუდრო ოჯახურ გარემოში განტვირთვის პერსპექტივა და კაბინეტში აბრუნდა.
_ ხომ მშვიდობაა ბატონო ავთო?_ მადონამ შეშფოთებული მზერა შეაგება აშკარად აღელვებულ შეფს.
_ არა, არაფერია, რაღაც უნდა ვნახო, თუ დამჭირდი, დაგიძახებ.
ავთომ ხელახლა გადაავლო თვალი ხელშეკრულებას. თითქოს ყველაფერი რიგზე იყო, მერე შეხვედრის ყველა დეტალი გაიხსენა და კინოფირივით დაატრიალა გონებაში.
საეჭვოს ვერაფერს ხედავდა, არადა იმ ვიღაცამ აშკარად იცოდა უცხოელების შესახებ.
უგუნებოდ ჩაჯდა მანქანაში.
_ დავიდოვიჩ, ხომ კარგად ხართ?_ იკითხა გელამ, ავთოს მძღოლმა.
_ ვიღაც კრეტინმა დარეკა და ნერვები მომიშალა.
_ რას ამბობთ, რა მინდაო?
_მიდი, გელა, სახლში დროზე მიმიყვანე, მაგაზე ხვალ ვილაპარაკოთ.
ავთომ ორი ლუკმა ძლივს გადაყლაპა და საძინებლისკენ გაემართა. მობილურმა დარეკა. გული გადაუქანდა, დახედა და ამოისუნთქა_ გიგა რეკავდა კანადიდან.
_ მამა, როგორ ხართ? მე ყველაფერი რიგზე მაქვს, უბრალოდ, რაღაც უცნაური სიზმარი ვნახე და გადმოვრეკე, ხომ მშვიდობაა?

ავთოს მუხლები მოეკვეთა. როგორც იყო თავი ხელში აიყვანა და შვილს ომახიანად უპასუხა:
_ მშვიდობაა, აბა რა, ყველანი კარგად ვართ, ძალიან გვენატრები.
_ მეც მენატრებით, მაგრამ რა ვქნა, ალბათ ასე ორ თვეში ჩამოვალ.
_ კარგი, შვილო, აბა თავს მიხედე, ხვალ დაგირეკავ.
მობილური სავარძელში მოისროლა, ლოგინში ჩაწვა და ემოციებისგან გადაღლილს მალევე ჩაეძინა.
დილით, ის იყო ოფისში უნდა შეედგა ფეხი, რომ მობილურმა დარეკა.
_ გისმენთ!
_ მისმენ, თორემ შენც არისტოტელე ონასისი და ბილ გეიტსი ხარ რა! კიდევ მანდ მუშაობ?
_ შენ ეი, ვიღაცა ხარ, რა ჯანდაბა გინდა. თუ კაცი ხარ, კაცურად დამელაპარაკე, რას მიედ-მოედები, შევხვდეთ და ვილაპარაკოთ!
¬ _რაო, სტრელკას მინიშნავ დიდო მეცენატო?
_ შენი ჭკუით დამცინი არა? მეცენატიც ვარ და ქველმოქმედიც, მერე შენ რა! შენც დაფინანსება ხომ არ გჭირდება, პირდაპირ მითხარი!
_ აი, ეს უკვე მესმის, საქმეზე გადახვედი და სწორია. მოკლედ მაყუთი უნდა მოიტანო. შენი გაქანება რომ ვიცი, ათი ათასს ძლივს გაწვდები_ რას იზამ, ყველა აბრამოვიჩი და ბერეზოვსკი ვერ იქნება, მითუმეტეს შენ _ რაც გაქაჩე, ეგ იყო! მოკლედ, ხვალ, შვიდ საათზე დიდუბის ეკლესიასთან მოხვალ, ოღონდ იმედია, შეხსენება არ გჭირდება _ ძაღლებთან კონტაქტი გამორიცხულია. თავი არ წააგო ბიჭო, ოჯახს გაუფრთხილდი!
დაკიდეს. ავთო ოფისში ავიდა, კარი ჩაკეტა და ხვალინდელ დღეზე დაიწყო ფიქრი.
საღამოს შვიდ საათზე გელამ ავთო დიდუბის ეკლესიასთან მიიყვანა. საეჭვო ვერაფერი შენიშნეს.
_ დავიდოვიჩ, ხომ არ გაგვაშაყირეს?
_ რაის შაყირი, გელა, ნეტავ მოგესმინა როგორ იგესლებოდა ის შობელძაღლი, ტანში გამცრა.
_ ვინ არის ეგ დამპალი, სულ ვერ ხვდებით დავიდოვიჩ?
უეცრად გელას ფანჯარასთან უცხო მამაკაცი აისვეტა. მძღოლს ანიშნა, შენ მანდ დარჩიო, ავთოს კარები გაუღო და წინ გაუძღვა.
მოშორებით შავი “მერსედესი” იდგა. უცნობმა ავთოს უბრძანა, ჩამჯდარიყო.
შავსათვალიანმა მამაკაცმა სარკასტული ღიმილი აიწეპა და ავთოს მიმართა:

_ გამარჯობა, ბატონო ავთო.
_ ოჰო, ეს ბატონო რაღაც ახალია, როგორც ჩანს, მეცენატი აღარ გაწყობს.
_ მე შენ ადგილას ხუმრობის ხასიათზე არ ვიქნებოდი, საქმე გაცილებით სერიოზულადაა, ვიდრე შენ გგონია. რა ქენი, მოიტანე ფული?
_ მოვიტანე, ზუსტად ათი ათასია.
_ ხვოსტი ხომ არ აიკიდე, ფრაერ, ჰა?
_ რა ხვოსტი, რის ხვოსტი. გამაგებინე, ვინ ხარ, რა დაგიშავე. ცხოვრებაში ცუდი არაფერი გამიკეთებია. ფულს თუ ვაკეთებ, მარტო ჩემთვის ხომ არა, სხვებსაც ვეხმარები, ქველმოქმედებასაც ვეწევი, არასდროს არავინ გამიწირავს და გადამიგდია, ისიც არ ვიცი, ვინ ხარ ან შენთვის რა დამიშავებია!
_ ესე იგი არავინ გაგიწირავს არა? შენ რომ ხალხი გყავს გამწარებული იმისთანა უნდა. ზოგს კინაღამ ინფარქტი აკიდე, ზოგსაც ინსულტი, გამომივიდა აქ უცოდველი კრავი!
გაფითრებული ავთო ხმას ვეღარ იღებდა. უეცრად შავსათვალიანი მამაკაცი უცნაურად აცახცახდა, მერე ხარხარი ატეხა და სათვალე მოიხსნა. გაოგნებული ავთო გაშტერებული შეჰყურებდა უცნაურ თანამოსაუბრეს:
_ ავთო, მართლა ვერ მიცანი? ლევანი ვარ, არჩვაძე.
_ ლევანი? უი, გამარჯობა ლევან, გიცანი, როგორ ვერ გიცანი, ოღონდ… ბრინჯივით დაიბნა ავთო. _ შე კაი კაცო, ფული თუ გჭირდებოდა ეგ ბალ-მასკარადი რა საჭირო იყო!
_ეგ ფული მაგრა შეინახე! სულ სხვა საქმეზე ვარ მოსული_ ბიჭის ქორწილი მაქვს და მინდა დაგპატიჟო.
ავთოს გაეცინა, მერე ისტერიული სიცილი აუვარდა:
_ მგონი მივხვდი რაშიცაა საქმე, აბაროტი ამიღე არა?
_ სწორად მიხვდი, ოღონდ რაჭველი ვარ და ცოტათი დამაგვიანდა_ მთელი ოცი წლით!
_ ეჰ, რა დრო გასულა_ ამოიხვნეშა ავთომ. ისე კი მაგრა გამიხეთქე გული.
_ შენ ვისი გულის გახეთქვაზე ლაპარაკობ, ერთი გაიხსენე, როგორ მახოხიალეთ იატაკზე შენ და შენმა ბიჭებმა, მერე ხალასტოი ტყვიებით ძმაკაცებიც დამიხოცეთ. იმის მერე წნევას ვერაფერი მოვუხერხე. ისე, რამდენი ინატრებდა ახლა ჩემ ადგილას ყოფნას!
_ მაღალრეიტინგული გადაცემა კი იყო და… ბევრი გავაბით მახეში. ერთი სიტყვით ჩაგეთვალა, ჩემო ლევან, ბიჭის გაბედნიერებას გილოცავ, აუცილებლად მოვალ.

მანქანიდან გადმოვიდნენ. კიდევ დიდხანს ისაუბრეს. წასვლისას ლევანი მიუბრუნდა:
_ ჩემო ავთო, ისე კიდევ ერთხელ ხომ არ გაიხსენებდი ახალგაზრდობას, ჰა? მექორწილეებისთვის რაიმე ოინი ხომ არ მოგვეწყო, რას იტყვი?

როგორ შევცვალე ცხოვრება ერთ დღეში…(ლელა ცუცქირიძე)

როგორ შევცვალე ცხოვრება ერთ დღეში
მორჩა, მომწყინდა ასე ცხოვრება, თუ ამას ცხოვრება ჰქვია საერთოდ!
დილაადრიან ადექი, უკეთე ერთს –  ჰერკულესის ფაფა, მეორეს –  ერბო–კვერცხი, მესამე ერბოკვერცხსა და ჰერკულესს ვერ იტანს და აუცილებლად თხლად დაჭრილ პურზე კარაქიც თხლად უნდა გადაუსვა. მეოთხე თვითონ მე ვარ, მაგრამ  მე ბევრი არც არაფერი მინდა. უბრალოდ, ცოტა ხნით მაცადონ. ჩემთვის, წყნარად  დავჯდე ამოჩემებულ სკამზე, ამოჩემებულ პოზაში. ამოჩემებული ჭიქით შავი, თურქული ყავა დავლიო და მოვწიო ერთი ღერი სიგარეტი.
მშიერ-მწყურვალთა დაპურების შემდეგ თავპირისმტვრევით უნდა შევარდე აბაზანაში, რომ ყველას მოასწრო , თორემ სამსახურში ისეთ დროს მოგიწევს მისვლა, როცა წესით, უკან უნდა ბრუნდებოდე. სამსახურსაც იტან რა, იმიტომ, რომ  გარეთ გადიხარ და თან შენი ერთი ლარიც გაქვს. მერე უნდა მოვარდე უკან, აკეთო სადილი და ვახშამი, რეცხო ჭურჭელი, ალაგო არეული სახლი, რომელიც მანამდე ირევა, სანამ ბოლომდე დაალაგებ. რეკო ტელეფონზე, რომ შენი ოჯახის გზაარეული ყოჩი ხრამში გადაჩეხვამდე  მოაბრუნო უკან.  რეკო შვილებთანაც, რომ ისინიც, ოღონდ არა ყოჩები, არამედ გზაარეული  ბეკეკოები სახლში მორეკო, დააპურო,  მიეფერო, რომ როგორმე დაიძინონ და შენ კი, ცოტა ხნით განმარტოვდე  საკუთარ თავთან, როცა აღარც ფიქრია და აღარც ოცნება, აღარც  წარსული და აღარც მომავალი და საერთოდაც, გავიწყდება, რომ უნდა გეფიქრა და გეოცნება.
დილით კი ყველაფერი იწყება თავიდან.
ჰო, ყველაზე მთავარ ოჯახის წევრზე არაფერი მითქვამს. ის უბრალოდ, არც პირველია, არც მეორე, არც მესამე და არც მეოთხე. ის ურიგოა, უფრო სწორად, ყველა რიგითობა აქვს: პირველიც, მეორეც, მესამეც და მეოთხეც, იმიტომ რომ დედამთილია და თანაც, ისე    დაგვაჭენებს ოთხივეს თავის ნებაზე, რომ საქმე საქმეზე რომ მიდგეს, მიმიქარავს  ჟოკეი, ყველა დოღზე გაიმარჯვებდა.
ჰოდა, ამ პროზაულ თუ უმიზეზო მიზეზთა გამო  ერთ დღეს აღმოვაჩინე, რომ ცხოვრება ჩემთვის ძალიან დამთრგუნველი და მოსაწყენია და გადავწყვიტე, რადიკალურად შევცვალო. უფრო ლოგიკური იქნება ვთქვა, რომ მე შევიცვალო.
პირველ ეტაპზე, სჯობს,  ეს დღეც პროზაულად, მაგრამ ჩემთვის განსხვავებულად გავატარო.  დავუტოვო ჟოკეის  მოუმზადებელი საუზმე–სადილი–ვახშამი, დაულაგებელი სახლი, მანქანაში შესაყრელი სარეცხი, ორი ინდაურის ჭუკი, ანუ ჩემი შვილი და წავიდე დედაჩემთან. იქაც არაფერს გავაკეთებ, უბრალოდ, წამოვწვები და კარგად გამოვიძინებ. მერე სანამ წვრილშვილ –დედამთილის (ქმრისგან დროებით დაზღვეული ვარ, მივლინებაშია და გასულია ჩემი მომსახურების ზონიდან) ზუზუნა საცეცები მომწვდება, ჩემს ძველ მეგობრებს ჩამოვუქროლო კეთილი ალალივით,  ცოტა ხნით ძველი ზანდუკები რომ დავხსნათ და ჩრჩილშეპარული ჭორები დავამზეუროთ…
ახალი მეგობრები არ მყავს. ჩემი ცხოვრება ორ ეტაპად იყოფა. ომამდე და ომის შემდეგ, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, რადგან  სწორედ ომის შემდეგ გავთხოვდი და ყველა მეგობარი “ომამდე”  დარჩა.
ახლები არიან მეზობლები, ჩემი შვილების კლასელების და  ჯგუფელების  მშობლები, მემაწვნე, რომელიც ყოველ მეორე დღეს ერთგულად მოდის ჩვენთან და უკვე მემაწვნის კი არა, ოპოზიციური და სახელისუფლებო გაზეთების ფუნქციას ითავსებს და ერთი დღეც რომ ჩააგდოს, ისე წუხს, როგორც ჩავარდნილი გაზეთების გამომცემელი. ჰო, ახალი ნათესავები თავისთავად იგულისხმება, რომელთა უმეტესობასთანაც იმავე მიზეზით ვმეგობრობ, რა მიზეზითაც ისინი მეგობრობენ ჩემთან: ნათესაური თავყრილობების შემდეგ ერთმანეთში  ვარჩევთ ახალ ნათესაურ ჭორებს. ვიგებთ, შეუძლიათ თუ არა ჩვენს ბედოვლათ ქმრებს ისე დალევა, როგორც ადრე  და ა.შ.
მოკლედ, მივედი დედაჩემთან, მაგრამ რა გამოძინება, რის გამოძინება… თუ სადმე ბვშვი მოიძებნებოდა, ყველა იქ დამხვდა: ჩემი დის შვილები, ჩემი ძმის შვილები და სანამ ჩემებიც იქ ამოყოფდნენ თავს, ჩემს ძველ მეგობრებთან დავიწყე რეკვა.
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ  ბედი უფრო ხშირად არ მწყალობს, ვიდრე მწყალობს.
ძველი მეგობრებიდან ზოგი  სამსახურში იყო, ზოგი  საზღვარგარეთ, ზოგი  ბაზარში, ზოგს ბავშვი ჰყავდა  წაყვანილი სხვაგან…  ბოლოს ერთ  ნომერსღა ჩავებღაუჭე  წყალწაღებულივით.
თავის დროზე, ამ გოგოს წესიერად არც კი ვიცნობდი და რაც დღემდე მსმენია  მის შესახებ, არის ის, რომ არ გათხოვილა. რაღას ვრეკო და ნერვები ვიშალო, ბარემ პირდაპირ მივადგები და ეგ იქნება, ამასობაში დრო მაინც გავა.
ჩემების მრავალშვილიან მონაგარს პაჩი–პუჩებით დავემშვიდობე (ღმერთმა ამრავლოთ) და ჩემი მაღალი ქუსლებით  ძველ ნაცნობთან გავქუსლე, დიდი იმედებითა და ცხოვრების ჩემებურად შეცვლის თანმდევი  სურვილით.
ზარი დიდხანს ვრეკე და ის იყო, უკან კუდქუსლამოძუებული ვაპირებდი გამობრუნებას, რომ კარი ოდნავ გაიღო და ვიღაცის ცხვირის წვერი დავინახე. იმის შიშით, ვინმე სხვა არ იყოს და  უკან არ გამაბრუნოს–მეთქი, კარს მივაწექი და ჰოლში შევაჭერი. ხო, თაკო იყო და ცხვირის წვერიც მას ეკუთვნოდა. უნდა ვაღიარო, რომ საკმაოდ მომხიბლავი, პატარა ცხვირი ჰქონდა, თვითონაც კატასავით კრუტუნა და მომხიბლავი იყო და ჩვენ, ძველ მეგობრებს, სულ გვიკვირდა, რატომ არ გათხოვდა თაკო აქამდე.
–პრივეეტ, ნახე, რა სიურპრიზი ვარ? – გადავკოცნე თაკო და სარკისკენ თვალი გავაპარე. ჩემი დამთრგუნველი ცხოვრების კვალობაზე, ნუ, არა უშავს რა, გამოვიყურებოდი.
–ვაა, თიკაა, საიდან? – გულწრფელად გაოცდა თაკო, ყოველ შემთხვევაში, მე ასე მომეჩვენა.
–აქეთ ვიყავი და უცებ გამახსენდი. ცოტა ხანს დავჯდები, ვიქაქანოთ და მერე ისევე გავქრები, როგორც გამოვჩნდი.  – თაკოს პარკი  შევაჩეჩე (ხელცარიელი ხომ არ მივიდოდი).
–გადიოდი სადმე? – კი ვიკითხე, მაგრამ აშკარად ზრდილობის გულისთვის. სანამ თაკო პასუხს გამცემდა, სასტუმრო ოთახში შევედი,  ფუმფულა სავარძელში ჩავეშვი და ფეხი ფეხზე გადავიდე. მორჩა, სანამ  სულს არ მოვითქვამ, აქედან წამსვლელი არ ვარ!
არა,რა, სულ გამაგიჟა ამ ცხოვრებამ და გაუთავებელმა პრობლემებმა. ადრე თაკოსთან კი არა, უახლოეს მეგობართან  არ მოვიქცეოდი ასე.
–სულ არ შეცვლილხარ, იცი? – ისევ მე ავრატრატდი.
-ხოო? არც შენ, ახლავე ყავას მოვადუღებ და შემოვალ. – თაკო  ყავის მოსადუღებლად გავიდა.
–პრინციპში, მეც წამოვალ და იქვე დავსხდეთ, სამზარეულოში, არა? – გავყევი კუდში.
მოკლედ, როგორც იტყვიან (ან ამბობდნენ) კარგად მოვსხედით, ყავა დავლიეთ, სიგარეტი თავისთავად,  გავაფუილეთ, საიდანღაც გაჩენილმა კონიაკმაც თავისი საქმე მოაქუჩქუჩა  და ავუშვით ენები  აფრებივით. თანაც ზურგის ქარიც აღარ გვჭირდებოდა, ისე მაგრად მივერეკებოდით.
ჯერ გავიხსენეთ ჩვენი ძველი ნაცნობები, ცოცხლებიც და გარდაცვლილებიც, ომამდეც და ომის შემდეგაც,  მერე  მე გავუმხილე, რომ დამღალა ასე ერთფეროვანმა, გიჟურმა,  სხვებისთვის  შეწირულმა ცხოვბრებამ და რომ დღეიდან სამყარო ჩემთვის სხვანაირი უნდა გახდეს, უნდა შევცვალო და მეც შევიცვალო. რომ ქმარსაც, შვილებსაც და დედმთილსაც  შევახსენო, რომ რაღაცას კიდევ წარმოვადგენ და  მინდა მანამდე მივიღო  ცხოვრებისგან შაქრის ნატეხები  ქანცგაწყვეტილი ცხენივით, სანამ ეს უაზრობა  არ მომკლავს და ა.შ.
თაკომ გამიმხილა, რომ სწორედ ამიტომ არ გათხოვდა, მაგრამ რა ხეირი?  სულიერ მეგობარს ეძებდა და შტერი თაგვივით კატა არა და ვიღაც იდიოტი კი გამოთხარა, რომელსაც ვერაფრით ვეღარ იშორებს.  ახლაც საძინებელში გდია და მორიგი სადღაცქეიფის მერე სხეულს ასვენებს და იმის მაგივრად, ეფეროს და თბილი სიტყვები უთხრას, დილიდან თხოვს რაიმე საცეკვაო მელოდიის დაკვრას და ეს ყოველი მისი მორიგი ვიზიტის დროს ხდება  და ყველაზე საშინელება კი ისაა, რომ  აუცილებლად ბოშური უნდა დაუკრას.  მე დავამშვიდე, რომ არა უშავს, კიდევ კარგი,  შალახოს დაკვრას არ გთხოვს,  ასე ემართებათ ზოგადად, კაცებს, და საერთოდაც, ალბათ უყვარს და იმიტომაც არ აგდებს სახლიდან.
–არაა, – ამოისლუკუნა თაკომ, – უბრალოდ, საშინელი ხასიათი აქვს. რამდენჯერაც გავაგდე, იმდენჯერ მობრუნდა, სკანდალებსაც არ ერიდება და მაგის თავი აღარ მაქვს, რაა. მითუმეტეს ნასვამზე  და მითუმეტეს, “პახმელიაზე”.
–ვაიმეე, ახლა აქ  რომ  ვარ, არ გაბრაზდება? –  გავიოცე ყალბად. პრინციპში, ან მე რად მინდა სკანდალები?
მოკლედ, ამ წმინდად ქალური დარდების  ამოხეთქვაში და აფრების აშვებაში ვართ და თაკოს მობილურმა დარეკა. თაკომ ჯერ ნომერს დახედა, მერე მე შემომხედა:
– აუ, თიიკ, ხო არ გეწყინება, ცოტა ხნით იქით რომ გავიდე და შენ აქ დაგტოვო?
– რა სისულელეა, რა უნდა მეწყინოს, – გავაპროტესტე მე, – და საერთოდაც, თუ გინდა, წავალ.
– არაა, სად უნდა წახვიდე, ძლივს აქ მოსულხარ!  იჯექი, აი, ყავაც, თუ გინდა. მე ახლა რომ არ გავიდე და არ დავუკრა, აქ ამბავი მოხდებაა… – მგონი მომეჩვენა და კეკლუცად გაიცინა თაკომ და გავიდა.
არა, რა! რა ცხოვრების შეცვლა, რის ცხოვრების შეცვლა! დაეტიე რა, შენს სახლში, შენი ქმარი ყოველ დილას ბოშურის დაკვრას მაინც არ გთხოვს, დიდი, დიდი, ბორჯომის მიტანა გთხოვოს საწოლში.
გამახსენდა, რომ ოჯახი მყავს და სახლში გადავრეკე.  დედამთილი  აზუზუნდა, რომ სახლში პური არ აქვთ და დროზე უნდა  მივიდე, თორემ დაიხოცნენ ბავშვები შიმშილით და უკმაყოფილოდ დაკიდა ყურმილი.
აი, დავლევ ყავას და დავბრუნდები ჩემს სამუდამო განსასვენებელში  ხეზე არშემჯდარი მწყერივით, გავიფიქრე პათეტიკურად და ის იყო, ყავა უნდა მომეხარშა, რომ ოთახიდან ისეთი ბოშური მელოდიები მომესმა,  რომ ლამის ცეკვა–ცეკვით გავენთე იქით. თაკო უკრავდა.
– ასეთი არაფერი გამიგია,- ავბურტყუნდი ჩემთვის,- კაცი ლამაზ  ქალთან იყოს მოსული და ცეკვის მეტი არაფერი არ აინტერესებსდეს?  რა შერეკილი  და იდიოტი უნდა იყო, ხო აზრზე ხარ. არაა, ამის  გაძლება არ გინდა?  ეს კიდევ მე მაბოლებს, არ მიყვარსო. აბა არ უყვარდეს, როგორ კონცერტს მოუწყობდა, ვნახავდი, რა…
რა მეყავებოდა? ვეღარ მოვითმინე, და ფეხისწვერებზე მივუახლოვდი ოთახს, ერთი სული მქონდა, დამენახა, რა ხდებოდა შიგნით. კარგი, თაკო უკრავდა, მაგრამ  “ის”  რას აკეთებდა ამ დროს?!
კარი ოდნავ შევაღე და შევიჭყიტე.
ზოგადად, ადამიანებს და ხშირ შემთხვევაში ქალებს, ღუპავთ თავისი ცნობისმოყვარეობა. ყოველ შემთხვევაში, მე ნამდვილად ასე მომივიდა,  როცა მისაღებ ოთახში საძინებლიდან  ბოშურის ცეკვა–ცეკვით გამოსულ  თითქმის შიშველ  მამაკაცში ჩემი მივლინებაში წასული ქმარი ამოვიცანი.
კი, ის იყო, წყალი არ გაუვიდოდა!  იმისი იყო გაფიჩხინებული, ბანჯგვლიანი ფეხებიც, უაზრო ღიპიც გაჩინჩხლულ ტანზე და რაც მთავარია, ჩემი ნაყიდი, სიმპსონიანი  ნიფხავიც!
სახეზე აღარც შემიხედავს. სწორედ იმ დროს, როცა  დავლურს უვლიდა მხრების ქანქარით და ტანცუი–ტანცუი–ს  ძახილით ოთახში,  კარი შევაღე და იმის მაგივრად, რომ ერთი გემრიელი სკანდალი მომეწყო და გული მაინც მომეფხანა ჩემს გემოზე,  ერთს თმებში ვწვდომოდი და მეორესთვის სახე ჩამომეპოტნა წივილ–კივილით,  სავარძელში ჩავეზნეყვე და გული წამივიდა. არა, კი არ “ვისიმულიანტე” , როგორც შემდეგ ჟოკეიმ აღნიშნა, მართლა გული წამივიდა. ასე, რომ,  ჩემი ქმრის  და თაკოს სახეები იმ წუთას  ვერც კი  დავინახე.  მაგაშიც ხომ ბედი გინდა ადამიანს! არადა, ახლა რომ ვუფიქრდები, რა სანახავები იქნებოდნენ!
თუმცა, მე ხომ, რას ამბობ, კარგი სანახავი ვიყავი:  ვეგდე სავარძელში და ჩემი ბოშურის მოცეკვავე, ფაქტიურად შიშველი ქმარი და ჩემი ქმრის საყვარელი, ფაქტიურად ჩემი ძველი მეგობარი მასულიერებდნენ.
თვალი რომ გავახილე და უკვე ასე თუ ისე, ელდაგადავლილ თაკოს (რომელმაც მერე გაიგო, ვის ქმარს აცეკვებდა ბოშურს  ხშირი მივლინებების დროს) და ჩემს უკვე ჩაცმულ, მაგრამ ისევ ელდანაცემ ქმარს შევხედე, მივხვდი, რომ ჩემი ცხოვრება შეიცვალა. კარგად თუ ცუდად, ვის აინტერესებს, ან რა მნიშვნელობა აქვს?
მე ხომ ისეთი ბოთე ვარ,  ცხოვრების შეცვლა რომ გადავწყვიტე, არც მიფიქრია,  კარგად უნდა შემეცვალა თუ ცუდად.
მე უბრალოდ, ვითომ წავიოცნებე  და  ეს ოცნება რატომღაც,  იმ  დღესვე ამისრულდა.
რა მალე სრულდება  ოცნებები ხანდახან…

დედის მონატრება…

ეს,მერამდენედ მოვიდა აპრილი უშენოდ…

აპრილის თვეში საოცრად ცხელი ამინდები დაიჭირა, უცებ გაიფოთქა ბაღში
ხეხილი, შენ საწოლში წევხარ დაპატარავებული და საოცრად სევდიანი, მხოლოდ ჩვენ დანახვაზე უღონოდ იღიმები.
ნახე, როგორ უცებ აყვავდა ხეები? მანიშნებ ჩვენ პატარა ბაღზე სადაც ყველა ნერგი შენი დარგულია და ნახარებია, გიღიმი და გული ასიამოდ მეკუმშება, მაშინაც ასე გადარევით ყვაოდა , როცა მამა წავიდა ჩვენგან…გეფერები და განუგეშებ დედა, რომ მალე კარგად იქნები, იმედს არ კარგავ დედა, მაგრამ .ესეც ალბათ ჩვენს გასამხნევებლად.ახლა ჩვენ ძველ სახლში ჩემი თვალ ცრემლიანი დაიკო ღა დარჩა,მარტოდ შენს სურათს მიჩერებული ყოველ წუთს გეფერება და გეჩურჩულება.გადიან წლები და ვბერდებით დები…..კვლავ უსაშველოდ, გვაკლიხარ და გვენატრები დედა…..

დიაგნოზი “კიბო”

გადავწყვიტე, მარტოდ წავსულიყავი…მოსაცდელი სავსე დამხვდა,ყველა ექოსკოპიის კაბინეტთან იყო ,რიგი დავიკავე და კედელს მივეყრდენი,უსაშველო,რომ მჭირს ექიმის გარეშეც ვხვდები..(.ნეტა ნაცნობი არავინ შემხვდეს) ერთმანეთის ამბებს ვისმენთ…სამ საათიანი ლოდინის შემდეგ, ჩემი რიგიც დგება…ექიმი მონაცემებს იწერს,ღირებულებას ვიხდი და მერე ვწვები ტახტზე…-“ეს შეიძლება აფრიკის, რომელიმე კუნძულის მცხოვრებს დამართნოდა!” “კი, მაგრამ სად იყავით აქამდე?”მერე ქირურგს ურეკავს:”მოდი განსაკუთრებული, შემთხვევაა…”
ეტყობა არ ეცალა ქირურგს და არ მოსულა..მერე ცდილობს დამამშვიდოს, თუმცა არაფერი მჭირს დასამშვიდებელი,რადგან თვით ყველაზე უარესისთვის მზად ვიყავი…
ქირურგის კაბინეტთან სკამზე ვჯდები…ისეთი გასაცოდავებული ვარ ჩემი თავი მებრალება…”მე მელოდებით?”-შევდივარ ექიმთან და ექოსკოპიის პასუხს ვაწვდი, ჩამოვჯექი…”კარები დახურეთ” ვდგები და ვხურავ კარებს, საკმარისია მუცელზე ხელით შემხებოდა და გადაწყვეტილებას იღებს: ონკოლოგიურში! თქვენ გიგანტური კისტომა გაქვთ და ოპერაცია სასწრაფოდ გჭირდებათ! -თქვენ, არ გამიკეთებთ? ხავს ვებღაუჭები…-ვნახოთ, მოიყვანეთ მეუღლე, შვილები და გადავწყვიტოთ…1200 ლარი ღირს ეს ოპერაცია”,ეტყობა ძალიან საბრალო გამომეტყველება მქონდა..(1200 ლარი ჩემს ოჯახისთვის დიდი თანხა იყო მაშინ…მხოლოდ მეუღლე მუშაობდა, ორი სტუდენტი შვილი…) მერე , მეორე ოთახში შევყევარ სადაც ,ქალები რამდენიმე ქალი უზის მაგიდას, მათ უხსნის, რომ სასწრაფოდ საოპერაციო ვარ,რადგან მუცელი სავსე მაქვს სიმსივნით..გადაპრანჭული ქალები თავებს აკანტურებენ და ნწუ, ნწუს იძახიან…მოვდივარ ქუჩაში განადგურებული და სრულიად უიმედო…”რა ეშველებათ ჩემს შვილებს?!” “სად იშოვის ჩემი საბრალო ქმარი ამ თანხას?” და კინო კადრივით გაირბინა მთელმა ჩემმა განვლილმა ცხოვრებამ…